ლუის ენრიკემ ლიონთან გამარჯვება ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა
ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 ოქტომბერს გამართავს, როდესაც სტუმრად ლე ავრს დაუპირისპირდება.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლიონს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. პარიზელებმა შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში გადაწყვიტეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.
მატჩის დასრულების შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდის თამაში შეაფასა და მოპოვებული გამარჯვება ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა.
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომელსაც კვარას ვუძღვნით. ჩვენი გუნდის მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა და სწორედ ასეთი მენტალიტეტით ვთამაშობთ. დღეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც მოედანზე შესვლის შესაძლებლობა მიიღეს, საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცეს და აჩვენეს, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ. მწვრთნელისთვის ასეთი კონკურენციის მართვა მარტივი არ არის, თუმცა ფეხბურთელების მსგავსი დამოკიდებულება და გამარჯვებისკენ სწრაფვა ძალიან მახარებს“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენმა“ სეზონის რთული დასაწყისის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. პარიზულმა კლუბმა 17 ქულა დააგროვა და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 ოქტომბერს გამართავს, როდესაც სტუმრად „ლე ავრს“ დაუპირისპირდება.
